„მოხარული ვარ, პრემიერ-მინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს“
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯეიმს აპატურაი მადლობას უხდის მინისტრთა კაბინეტის სამ მინისტრს, რომლებმაც უკვე თანამდებობა დატოვეს.
“ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მინდა, მადლობა გადავუხადო სამ მინისტრს, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ბოლო წლების განმავლობაში, მათი თავდაუზოგავი მუშაობისთვის ქვეყნის განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლის გამყარების საქმეში. ასევე, პირადად გადავუხდი მათ მადლობას მეგობრობისთვის, რომელიც, ვიმედოვნებ, შენარჩუნდება. მოხარული ვარ, პრემიერ-მინისტრმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს. ეს, მე ვფიქრობ, ქართველი ხალხის ნებას ასახავს. ნატო და პირადად მე, ერთგული ვართ იმ იდეისა, რომ დავეხმაროთ საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე”, – წერს აპატურაი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.