„ თუ ალასანიას მიმართ საქმე არ აღიძრება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება პრემიერს მოუწევს“

„თუ არ აღიძრება საქმე ალასანიას წინააღმდეგ და არ დადგება მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა მოუწევს პრემიერს“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, პროკურატურას თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე პოლიტიკური ქუდი სწორედ პრემიერმა გაუკეთა, და თუ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ საქმე არ აღიძრება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება პრემიერს მოუწევს.
„ მე არ ვიცნობ საქმის მასალებს და არ ვიცი, ირაკლი ალასანია არის თუ არა ჩართული კორუფციაში, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი არ გაემიჯნა და თქვა, რომ ის ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო. საქმე არის შემდეგნაირად, ან პროკურატურა აგრძელებს ძიებას და დააყენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს ალასანიას მიმართ, ან პროკურატურას მოუწევს აღიარება, რომ ტყუოდა და მოუწევს გადადგომა პროკურორს, ან პრემიერს, ვინაც პოლიტიკური ქუდი გაუკეთა ამ საქმეს. თუ ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პრემიერ – მინისტრს მოუწევს ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღნიშნული ფაქტის შემდგომ გუშინ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დააკავა. რაც ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ ზეწოლად და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ გალაშქრებად შეაფასა. ალასანია გუშინვე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები