„შეიძლება ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ საქმე აღძრას“

„არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩიხრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე ალასანიას წინააღმდეგ აღიძრა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ პერსონალური ანგარიშსწორება იქნება. ფიქრია ჩიხრაძე ეჭვქვეშ აყენებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ალასანიას მოხსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, ეს არა მოქმედი პრემიერის, არამედ საქართველოს კულუარული მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
„თუ ალასანიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ასეთ შემთხვევაში პროკურატურის ხელით პოლიტიკურ და პერსონალურ ანგარიშწორებასთან გვექნება საქმე. დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არათუ პროკურატურა არ მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ საქართველოს პრემიერიც კი, რომელმაც გუშინ ალასანიას გადაყენება გამოაცხადა, არ მოქმედებდა მისი ნების თანახმად. ის ამ გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებდა. ეს მომდინარეობს კულუარული მართვის სტილიდან და იმ ადამიანისაგან, რომელიც ამ დრომდე კულუარული მართვის ყველა ბერკეტს ფლობს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ. რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები