აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააფართოვა და რამდენიმე საათის განმავლობაში ირანის სამხედრო ობიექტებზე ინტენსიური საჰაერო დარტყმები განახორციელა.
აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ოპერაციის მთავარი სამიზნეები ირანის სარაკეტო სისტემები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო შესაძლებლობები იყო, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ირანს საერთაშორისო კომერციულ გემებზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანია ირანის შესაძლებლობების შეზღუდვა, რათა მან ვეღარ შეძლოს საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებზე თავდასხმა და ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებისთვის საფრთხის შექმნა.
ამერიკული მედიის ცნობით, დარტყმებისას გამოყენებული იყო საბრძოლო ავიაცია, სამხედრო ხომალდებიდან გაშვებული რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. იერიშების სამიზნეებს შორის იყო სარაკეტო დანადგარები, რადარული სისტემები, სანაპირო თავდაცვის ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მასალის საცავები, საკომუნიკაციო ქსელები და IRGC-ის სწრაფმავალი კატარღები.
ირანმა აშშ-ის ქმედებები აგრესიად შეაფასა და საპასუხო ზომების გატარების შესახებ განაცხადა.
რეგიონში დაძაბულობის ზრდამ გავლენა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზეც მოახდინა – ნავთობის ფასები რამდენიმე პროცენტით გაიზარდა, რადგან ინვესტორები ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების რისკს აფასებენ.