პაპუაშვილი – ბელგრადის დეკლარაციაზე: ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება – ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომელიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაფართოების თუ გაწევრიანების პროცესში
“მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მნიშვნელოვანი პირველი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა. როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მსგავსი საერთაშორისო ფორუმის თვითდისკრედიტაციას, მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრეები და ერთი საქმის გარშემო გაერთიანებული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები ვიყოთ მონაწილე ერთიანი პროცესისა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციაზე ისაუბრა.
„დეკლარაცია, უპირველეს ყოვლისა, ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომელზეც დაფუძნებულია ერთობა პარლამენტის თავმჯდომარეების. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აღიარება – ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმ პროცედურების ერთგულება, რომელიც ჩადებული იყო თავდაპირველად ევროკავშირის გაფართოების თუ გაწევრიანების პროცესში. ასევე, [დეკლარაცია ხაზს უსვამს] იმ ფორმატებს, რომლითაც უნდა დაიტვირთოს შემდეგ წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ეს პლატფორმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.