პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში,
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალების შემცველი 3 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.