გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა
“ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა,”- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ამერიკაში, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აღარ კეთდება ისეთი უსამართლო განცხადებები, როგორიც ყოველ მეორე დღეს კეთდებოდა თეთრი სახლიდან.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აღარ კეთდება ისეთი უსამართლო განცხადებები, როგორიც იყო ყოველ მეორე დღეს თეთრი სახლიდან. პირიქით, ისინი ამბობენ იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგალითად, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასევე ტრამპმა გააუქმა USAID-ი იმ მიზეზით, რომ ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში შიდა არეულობისთვის, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლისთვის და ა.შ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადება გაკეთდა მარკო რუბიოს მხრიდანაც, სადაც მან აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციიდან საქართველოსთან მიმართებით ერგოთ მძიმე მემკვიდრეობა. ცხადია, მარტივი არ არის საქართველოსთან დაკავშირებით თეთრ სახლში დატოვებული დოკუმენტაციის შესწავლა, გაანალიზება. ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდა და ახლა უკვე ამერიკაში ჩადის საქართველოს დელეგაციები და პირიქით, საქართველოში ჩამოდიან ამერიკული დელეგაციები; გაიმართა პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი და ა.შ.
ამერიკის ინტერესშია, საქართველო დარჩეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონია, თუმცა სტრატეგიული ხელშეკრულება ნიშნავს, რომ მე, ანუ სახელმწიფო უნდა მაღიარო სუვერენულ ქვეყნად და მერე გამოგყვები ყველაფერში, რაც არ კეთდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან კარგია, რომ ამერიკასთან ნელ-ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.