უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად კიევში 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა.
ზელენსკის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მისი თქმით, მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ, დაკარგულ ადამიანებს ეძებენ და დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.
“დაზიანებულია კიევის 20-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და ბიზნესობიექტები. ხარკოვის ოლქში ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, ხოლო კიევის ოლქში კიდევ ორმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. რუსეთის თავდასხმების სამიზნე ასევე გახდა სუმის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქები”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 70-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელთა თითქმის ნახევარი ბალისტიკური იყო. გარდა ამისა, გამოყენებული იყო თითქმის 500 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის დრონები. მისი თქმით, მთავარი დარტყმა კიევზე იყო მიმართული.
“უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეტევის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიგერიეს, თუმცა ყველა საჰაერო სამიზნის განადგურება ვერ მოხერხდა. პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების, მათ შორის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოებისა და „პატრიოტის“ სისტემებთან დაკავშირებული თანამშრომლობის განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან, სწორედ ასეთ ნაბიჯებს შეუძლია ამ ომის შეჩერება და ახალი თავდასხმების თავიდან აცილება“,- განაცხადა ზელენსკიმ.