სურსათის სააგენტომ ჯარისკაცების მოწამვლაში მხილებული კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა

შპს „ქართული კვების კომპანიაში“, რომელიც საქართველოში ჯარისკაცებს კვებავს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა და მათ ფულადი ჯარიმა დაეკისრათ – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიგა ქურდოვანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული კვების კომპანია“ უკანასკნელად 2014 წლის 23 ოქტომბერს შეამოწმა, რომლის დასკვნა ჯერ მომზადების პროცესშია.
თუმცა, გიგა ქურდოვანიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სააგენტომ შარშან, თავდაცვის სამინისტროს ქვეშ დაქვემდებარებული ქუთაისისა და სენაკის სამხედრო ნაწილების კვების ობიექტები რამდენჯერმე შეამოწმა. მისი თქმით, სამხედრო ნაწილების კვების ობიექტები სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს არ აკმაყოფილებდა.
„2013 წლის 9 ივლისს, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის სამხედრო ნაწილში 2 კვების ობიექტი შეამოწმეს, ხოლო 1 აგვისტოს – სენაკის სამხედრო ნაწილის 2 ობიექტი, სადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამის შემდეგ მიეცათ მითითებები. გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენმა თანამშრომლებმა ეს სამხედრო ნაწილები განმეორებით შეამოწმეს. შენიშვნები ნაწილობრივ იყო გამოსწორებული, სწორედ მაშინ შპს „ქართული კვების კომპანია“ 400-400 ლარით დაჯარიმდა.
ამის შემდეგ, იგივე სამხედრო ნაწილები განმეორებით 2014 წლის 29 იანვარს შემოწმდა, მიუხედავად მითითებისა, სამხედრო ნაწილში, კვების ობიექტებში, შენიშვნები ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული. ამის გამო, შპს „ქართული კვების კომპანია“ უკვე მეორედ 1200-1200 ლარით დაჯარიმდა. ვინაიდან სენაკისა და ქუთაისის სამხედრო ნაწილებში 2-2 კვების ობიექტი იყო, საერთო ჯამში, კომპანიამ 6400 ლარი გადაიხადა“, – აღნიშნა გიგა ქურდოვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ როგორც გიგა ქურდოვანიძემ აღნიშნა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკისა და ქუთაისის სამხედრო ნაწილების კვების ობიექტები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიმართვის წერილის შედეგად დაიწყო.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს „ქართული კვების კომპანია“, რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრიგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ უზრუნველყოფდნენ ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელებას. ამის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო, გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები