კოკოითი: თრუსოს ხეობას დიპლომატიური გზით დავიბრუნებთ
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი თრუსოს ხეობის ტერიტორიის დიპლომატიური გზით დაბრუნებას აპირებს. „ჩვენ მიწისთვის ვიბრძოლებთ!“, – ეს განცხადება კოკოითიმ ვლადიკავკაზში ოსების მერვე საერთაშორისო კონგრესზე გააკეთა. ფორუმის მსვლელობისას ედუარდ კოკოითიმ ფორუმის მონაწილეებს იმ საფრთხეების შესახებ შეახსენა, რომლებიც, მისი თქმით, „დამოუკიდებლობის აღიარებამდე“ ოს ხალხს ემუქრებოდა. კოკოითიმ ასევე აღნიშნა, რომ ოსურ-რუსული საძმო ურთიერთობები რევიზიას და ექსპერტიზას არ ექვემდებარება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „ექსპრეზიდენტის“ განცხადებით, ადრე სამხრეთ ოსეთში რუსეთის პოზიციების დასუსტების მცდელობები იყო.
„საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო ჩამოდიოდა. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შებოჭვის მცდელობები არსებობდა, თუმცა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრი რეაქცია იყო“, – განაცხადა კოკოითიმ. ფორუმზე კოკოითიმ ასევე თანამემამულეები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი განცხადებით, „თბილისში ჩადიან და მერე ოსებს საქართველოზე საქებარ სიტყვებს ეუბნებიან. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ქართველები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილ გენოციდს არ აღიარებენ. რატომ აქვს ზოგიერთ ოსს ასეთი მოკლე მეხსიერება? ჩვენ რა გვინდა, რომ გასული საუკუნის 20-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები განმეორდეს?“, – განაცხადა კოკოითიმ.