უნგრეთის პარლამენტმა პარლამენტის წევრების ხელფასების 40%-ით შემცირებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მმართველი პარტიის, „ტისას“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის წევრების ხელფასებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

პარლამენტმა კანონპროექტს 189 ხმით დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრების ხელფასების შემცირებას და პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერას.

„ტისას“ პარტიამ ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი 28 მაისს წარადგინა. ეს პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის დაპირებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტის შესახებ კანონის შესწორებით მისი წინამორბედების ფლანგვითი პრაქტიკა აღმოიფხვრებოდა და პარლამენტის წევრებისა და ფრაქციებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

მოქმედი რეგულაციების თანახმად, დეპუტატების ხელფასი ყოველი წლის 1-ელი მარტიდან, ცენტრალური სტატისტიკის სამსახურის მიერ წინა წლისთვის განსაზღვრული საშუალო ხელფასის სამმაგი ოდენობისაა.

კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, 3 კოეფიციენტის ნაცვლად 1.8 კოეფიციენტი იქნება გამოყენებული. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის დეპუტატების ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც ამჟამად 2 182 488 უნგრულ ფორინტს შეადგენს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ 1 309 493 ფორინტი იქნება, რაც დაახლოებით 3 700 ევროს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები