გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ

“პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს რესურსები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ თავი დაიცვას.

„მოცემულობის შეფასება არ არის ძნელი. უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვლაპარაკობ, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რა განცხადებებს აკეთებს და როგორ აღიქვამს ამას საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მთავარია, რა ხდება, რა შინაარსია და რა მიზნებს ემსახურება ეს ყველაფერი.

მიზანი არ შეცვლილა, ვიმეორებთ და კიდევ უნდა გავიმეოროთ, მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა, რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს. ყველა დეტალში ვერ შევალთ, მაგრამ რამდენიმე გავიხსენოთ. სულ ახლახან იყო, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. სულ ცოტა ხანში უკრაინის მაღალჩინოსნებმა, პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა, რომ მოლაპარაკება რეალური იყო, მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩამოვიდნენ და გვითხრეს მოლაპარაკება საჭირო არ არის და ომში უნდა წავიდეთ. ომი არის ის გამოსავალი, რომელსაც უკრაინა უნდა ემსახუროს. პროქსი ომი მიმდინარეობს.

შემდეგ გვახსოვს როგორ ითხოვდნენ ჩვენგან ამ ომში ჩართვას და დღემდე ითხოვენ. მოგონილი თემა, თითქოს ჩვენ არ ვემთხვევით საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირს. ეს სრულად გაბათილებულია იმ კვლევებით, რომლებიც თუნდაც გუშინ თუ გუშინწინ გამოქვეყნდა.

ჩვენ ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, ევროპული სტანდარტი რასაც ჰქვია. ჩვენ არჩევნები მოვიგეთ და საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობა შესაძლოა ერთი ლოზუნგით დახასიათდეს – „არა ომს“.

აღარ შევალ იმ სიღრმეებში, რასაც ჰქვია ჩვენი განწყობა, ჩვენი თვითმყოფადობა. ეროვნული ღირსების დაცვის განცდა, რომელიც გააჩნია ამ მცირე რესურსების მქონე, მაგრამ ძირითად ნაწილს ჩვენი ქვეყნისა რელიგიის მიუხედავად, ეროვნების მიუხედავად და პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, მაგრამ ფაქტია, რომ შეძლეს, დივერსია განახორციელეს და დაპირისპირების გარკვეული პლატფორმა შექმნეს, რომელიც მათთვის სამწუხაროდ ვერ გავიდა, ვერ გაიმარჯვა. პარლამენტში გარკვეული ადგილების დაკავებაზე უარი თქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციის წარმატების იმედი ჰქონდათ.

დღესაც ეს მდგომარეობაა, თუმცა გაცილებით მეტი აქვს უკვე ინფორმაცია საზოგადოებასაც. შეფასებებიც საკმარისად გაკეთდა და სახელმწიფოს რესურსებიც საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რათა თავი დაიცვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები