შეთანხმების აფხაზურ ვარიანტში რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება ამოღებულია
აფხაზეთში რუსეთთან შეთანხმების პროექტზე მსჯელობა დასრულდა, რომელიც რუსული მხარის მიერ არის მომზადებული. უახლოეს დღეებში კი აფხაზური მხარე რუსეთს შეთანხმების საკუთარ ვარიანტს წარუდგენს, რომელიც რუსულისგან იმით განსხვავდება, რომ ამოღებულია პუნქტი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.
როგორც გამოცემა “აპსნი.რუ“ წერს , არაოფიციალური ინფორმაციით შეთანხმების აფხაზური ვარიანტი უკვე რუსეთშია გაგზავნილი.
დოკუმენტის აფხაზური ვარიანტი „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ მოამზადეს. რუსეთთან მეკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა განიხილა.
შეთანხმების პროექტის თანახმად, მხარეები განაგრძობენ ორმხრივ თანასწორ კონსტრუქტიულ ურთიერთობების განვითარებას. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, შეთანხმების ძირითადი მიმართულებები – საგარეო პოლიტიკის კოორდინირებული მიმდინარეობა, „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, პოსტსაბჭოურ სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, საერთო კულტურული, სულიერი და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნებაა.
გარდა ამისა, მხარეებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების ზრდის საკითხებში. რუსეთის ფედერაციამ დე ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „აფხაზეთის რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საერთო ქმედებების განხორციელებას“, გარდა ამისა, საზღვაო სივრცეების დაცვაც იგულისხმება.
რომელიმე მხარის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში დოკუმენტი სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზომების შესახებ მხარეებმა დაუყონებლივ გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა შეატყობინონ. დოკუმენტი ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებების და ერთობლივი სარდლობის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც აგრესიის პერიოდში რუსეთის მხრიდან დანიშნული ხელმძღვანელი და აფხაზი მოადგილე ეყოლება კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, საქართველოს და აფხაზეთის საზღვრის გასამაგრებლად 2 წლის განმავლობაში საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების ჩატარდებაა დაგეგმილი