გალის რაიონის მკვიდრი, რომელსაც ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მამაკაცი გარდაიცვალა. სოფელ თაგილონში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი ემზარ ეთერია, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გაიტაცეს, ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო – სვანეთის მხარეში ოთარ გოგოხიამ განუცხადა, მამაკაცმა გამტაცებლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს და მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.გოგოხიას ინფორმაციით, ექიმები მამაკაცის გადარჩენას სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
“გალის რაიონში მცხოვრები მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გაიტაცეს. ჩემი ინფორმაციით, მან გამტაცებლებს წინააღმდეგობა გაუწია, საპასუხოდ გამტაცებლებმა ავტომატის კონდახი ჩაარტყეს და მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. გამტაცებლებმა ის მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ოჯახმა გამოსასყიდი თანხა გადაიხადა. ექიმები მამაკაცის გადარჩენას სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განუცხად “კვირას“ ოთარ გოგოხიამ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ოკუპანტების მიერ გალის რაიონიდან გატაცების ფაქტები გახშირდა. გოგოხიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ისაუბრებს.