კომაროვის სკოლის 60 წლის იუბილე აღინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და კომაროვის სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„კომაროვი ემსახურება მთელ საქართველოს და აერთიანებს ქვეყნის საუკეთესო პოტენციალს. სკოლა ქვეყნის ყველა რეგიონიდან ნიჭიერ ბავშვებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კომაროვის შთამბეჭდავი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე — ასობით დამსახურებული მედალი, მათ შორის ათეულობით ოქრო და ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, მომავალში საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
კომაროვის კურსდამთავრებულთა და მოსწავლეთა გზა და მიღწევები ცხადყოფს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად დანახულ ნიჭს, მისი განვითარების ხელშეწყობას, ცოდნის და პასუხისმგებლობის გაზიარებას, ერთმანეთის მხარდაჭერას და ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივებას — კომაროვი სწორედ ამ ღირებულებებისადმი ერთგულებით არის გამორჩეული,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებს კომაროვის სკოლის 60-წლიანი განვითარების ისტორია, მნიშვნელოვანი ეტაპები და კურსდამთავრებულთა მიღწევები სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში კომაროვის სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.
კომაროვის სკოლა წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაში და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაში.
კომაროვის მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვთ 500-ზე მეტი მედალი, მათ შორის 50 ოქროს სინჯის, რაც საერთაშორისო დონეზე მაღალი აკადემიური სტანდარტისა და კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია.
სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს „შაბათის სკოლასა“ და „ონლაინ სკოლას“, რომლებიც მიზნად ისახავს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.
სკოლა რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის ქმნის ხარისხიანი განათლებისა და ცხოვრების შესაძლებლობას,რაც განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას უსვამს ხაზს.