გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 125 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 31 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

“19 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2026 წლის აპრილში დალუქულია 1 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ჯამში ამოღებულია 254 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 48 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 36, კახეთში – 24, იმერეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, ქვემო ქართლში – 7, გურიაში – 5, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 3, შიდა ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში კი – 2.

სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტი. დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები