ლევან ლორთქიფანიძე: ოპოზიციური ალიანსი თავისი შინაარსით გაუგებარი ერთობაა
“ოპოზიციური ალიანსი თავისი შინაარსით გაუგებარი ერთობაა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ალიანსს თუ რეალური პოლიტიკური შედეგის მიღწევა სურს, თავისი სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები მკაფიოდ უნდა განსაზღვროს.
“საქმე ძალიან მარტივია – ასეთი გამონათქვამი არსებობს სააკაშვილზე – ის არის ადამიანი, რომელსაც სურს ქორწილში პატარძალი იყოს, ხოლო გასვენებაში – კუბო. მას არ შეუძლია იმ პროცესში ყოფნა, სადაც მთავარი არ არის. თუ არ იქნება პირველი, აუცილებლად აურევს სიტუაციას და სკანდალს ატეხს. ოპოზიციურმა ძალებმა კი გადაწყვიტეს პროცესის დაწყება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, მაგრამ არ გამოდის, სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის იქნება “პოლიტიკური გამოხდომები”. წესით, ეს წინასწარ უნდა სცოდნოდათ ალიანსის წევრებს, რადგან ყველანი “ნაცმოძრაობაში” არიან დაფრთიანებული და კარგად იცნობენ სააკაშვილს. პოლიტიკური ლიდერების მოლოდინი, რომ სააკაშვილი სხვაგვარად მოიქცეოდა, მცდარი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ასეთი გამოხდომებით სააკაშვილი ხელისუფლებას ასარგებლებს და, ცხადია, აზარალებს ალიანსს, მაგრამ ეს მას არ აინტერესებს, რადგან ეგოცენტრიკული ადამიანია და მისთვის მთავარია, მის გარშემო ტრიალებდეს პოლიტიკური პროცესი, თუნდაც თავად ციხეში იყოს.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ერთი გარემოება – ოპოზიციური ალიანსი თავისი შინაარსით გაუგებარი ერთობაა. ჩვენ არ ვიცით, ეს წინასაარჩევნო ბლოკია, კოალიცია თუ საკოორდინაციო საბჭო. ასევე არ ვიცით, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ერთიანი ხმით ისაუბრებენ თუ არა. არ ვიცით, რა სტრუქტურაა, როგორ არის შრომა გადანაწილებული, რა გრძელვადიანი გეგმები აქვთ. ვიცით მხოლოდ ის, რომ 26 მაისს გამართავენ ერთობლივ მიტინგს და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებსა და ევროპასთან ინტეგრაციას. შეიძლება ითქვას, ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პირველი ცდაა და მომავალში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბლოკად, კოალიციად ან საკოორდინაციო მექანიზმად. ახლა ჯერ კიდევ არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურა. სადაც ბუნდოვანებაა, იქ ბუნებრივად ჩნდება კონფლიქტიც, გაუგებრობაც და დაპირისპირებაც. ამიტომ, თუ ალიანსს რეალური პოლიტიკური შედეგის მიღწევა სურს, უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა განსაზღვროს უფრო მკაფიოდ და გასაგებად თავისი სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები.
ალიანსს მოსახლეობისთვის სათქმელი ახალი არაფერი აქვს. ფაქტია, მოსახლეობის მობილიზებისთვის არ არის საკმარისი ზოგადი საუბარი ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიაზე. ევროპა და დემოკრატია უმრავლესობას სურს, შეიძლება “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც კი ეთანხმებიან ამ თეზისებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, ამის გარდა რას სთავაზობენ ხალხს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ნახევარი კილოგრამი ხორცი 10 ლარი ღირს, მაშინ როცა რეალურად ერთი კილოგრამი კარგი ხორცი 35-37 ლარია? რას ეუბნებიან პენსიონერს, რომლის პენსიის დიდი ნაწილი წამლებში მიდის? სათქმელი არა აქვთ და ამიტომაც არ გადიან რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ოპოზიცია არ მუშაობს ამ თემებზე და არც აქვს ჩამოყალიბებული, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური ყოფა ქვეყანაში. არანაირ ცვლილებებს არ გვთავაზობენ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად იგივე ხედვა აქვთ, რაც “ქართულ ოცნებას”. მხოლოდ ამბობენ, რომ კორუფცია არ იქნება და იგივე სისტემა უკეთ იმუშავებს. ეს სერიოზული მიდგომა არ არის.
ჩვენ არა გვყავს დარგობრივი პოლიტიკოსები. მაგალითად, ევროპის ყველა სერიოზულ პარტიაში არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვაზე, ეკონომიკასა და სხვა მიმართულებებზე, ჰყავთ ლიდერები, დადიან ხალხში და საკუთარ პროგრამებზე საუბრობენ… რომ შევაჯამოთ, ძალიან მიჭირს თქმა, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია არაკომპეტენტურია… მათ არ სურთ სისტემის შეცვლა. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეძლებული ხალხია და მათი ყოველდღიური ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება რიგითი მოქალაქის ყოფისგან: მათი შვილები არ სწავლობენ იმ სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები; ისინი არ მკურნალობენ იმ ტიპის კლინიკებში, სადაც ჩვენ გვიწევს სამედიცინო მომსახურების მიღება; სარგებლობენ განსხვავებული სადაზღვევო პირობებით და დასასვენებლადაც ისეთ ადგილებში დადიან, როგორსაც სტატისტიკური ქართველი ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენს. ისინი სხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან და ხშირად უფრო მეტი საერთო აქვთ მმართველი გუნდის წევრებთან, ვიდრე რიგით მოქალაქეებთან. როდესაც მოქალაქესა და პოლიტიკოსს შორის ასეთი სოციალური დაშორებაა, რთულდება ხალხის ყოველდღიური პრობლემების რეალური აღქმა და მათთან ბუნებრივი კავშირის დამყარება. არ ვამბობ, რომ პოლიტიკოსი აუცილებლად გაჭირვებულად უნდა ცხოვრობდეს, და თავზე ნაცარს იყრიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია არსებობდეს ცხოვრებისეული გამოცდილების თანხვედრა იმ საზოგადოებასთან, რომელსაც ის წარმოადგენს”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.