ჩირიკბამ გაეროს წარმომადგენელთან “საქართველოსთან საზღვრის პრობლემაზე” ისაუბრა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრი“ ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელს სიმონა ვოლკენს შეხვდა. შეხვედრაზე გალის რაიონში უსაფრთხოების თემა, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები იყო განხილული. სიმონა ვოლკენმა სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების, საქართველო-დე ფაქტო აფხაზეთის “საზღვარზე” გამშვები პუნქტების შემცირების გამო შეშფოთება გამოთქვა, – წერს „აპსნი. რუ“. ჩირიკბას განცხადებით, საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გავლით „გადაადგილების თავისუფლების“ პრობლემის დაყენების ფორმა არაკორექტულია.
„ამ საკითხს საქართველო და მისი დასავლური პარტნიორები აქტიურად პროპაგანდას უწევენ და ეს პრობლემაა. საქართველო-აფხაზეთის საზღვრის ხშირად საფრთხის შემცველი, ქაოსური გადაკვეთა – ეს ის „გადაადგილების თავისუფლება“ არ არის, რომელზეც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა უნდა იღელვონ“, – აცხადებს ჩირიკბა. მისივე განმარტებით, დაცული და სრულყოფილი სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობა არ ზღუდავს, არამედ პირიქით, უფლებების უზრუნველყოფას და გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება.