პროექტის „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღჭურვა და განვითარება“ ფარგლებში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა
პროექტის „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღჭურვა და განვითარება“ ფარგლებში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 დღის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის, ადგილობრივი სახეობების, ველური ბუნების კვლევის მეთოდებისა და გარემოზე მოქმედი საფრთხეების შესახებ.
“პროგრამის პრაქტიკული ნაწილი, მათ შორის, მოიცავდა ფოტოხაფანგების გამოყენების გაცნობას, ფრინველებზე დაკვირვების აქტივობას.
სასწავლო კურსი განხორციელდა ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მიერ, კომპანია “ბი პი”-ს მხარდაჭერით. პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტს ხელმძღვანელობდა „ჰაბიტატი“.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანია ბი პი-ს შორის წლებია მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება.
„ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღჭურვა და განვითარება“ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის, ბიომრავალფეროვნების დაცვა-მონიტორინგის, ასევე, ეკოტურისტული სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში განახლდა ჰელიოსისტემა – დამონტაჟდა მზის პანელები; ასევე, ვიზიტორთა კომფორტული მოგზაურობის უზრუნველსაყოფად, საკარვე ადგილები და კოტეჯები აღიჭურვა საშხაპე სივრცეებით; მოეწყო კლიმატური მონიტორინგის სადგური. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მარშრუტების ეფექტიან დაგეგმვას და ვიზიტორთა უსაფრთხოების გაზრდას,”- წერია ინფორმაციაში.