“სია არსებობდა, რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო” – რას ამბობენ ადგილობრივები გურიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რის მოტივადაც კომპიუტერულ თამაშს ასახელებენ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 23 წლის გიორგი ჩხაიძეს, რომელსაც გამოძიება, მეზობლის გიორგი მჟავიას განზრახ მკვლელობას ედავება წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადგილობრივები ტელეკომპანია “პირველთან” ამბობენ, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა.

“ამ ბავშვის სახლში სისხლი რომ არ ენახათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გიორგიმ ქნა. მანიაკის მოკლული ეგონათ ისიც და ესეც. ამას ეძებდნენ. მშობლებმა რომ აღმოაჩინეს, რომ სახლში არ იყო, მერე განგაში იყო. მამა გარდაცვლილის ოჯახში იყო, დედამ თქვა, გიორგი არ არის სახლშიო, სოფელს მოუხმეს, ეძებეს მერე. გარდაცვლილმაც მოასწრო თქმა მეუღლისთვის რომ გიორგი იყო და მეუღლესაც დანახული ჰყავს.

პოლიციამ რაღაც რომ წაიღო, მაგის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი ჰქონდაო. სია არსებობდა, რომ რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო. იცი როგორ შეშინებული ვართ ყველა? ღამე გარეთ კი ვერ გამოვდივართ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობელი მომხდარს თამაშებს უკავშირებს.

“ის თამაშები რომ იყო ადრე, ხომ შეწყდა, ახლა გაგრძელდა და იმ თამაშს იყო აყოლილიო. შედგენილი ჰქონდა სია, კიდევ ვინ უნდა მოეკლაო. იმ ღამესვე უნდა მოეკლა ისინიცო”, – აცხადებენ სოფელში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები