„კარფურის“ გენერალური დირექტორი: ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ (ფასდათმობის) ცნება ამ ბაზარზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა – „რიბეითები“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას
“ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ ცნება ამ ბაზარზე. როდესაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ, მინიმალური ფასნამატით, მომხმარებლისთვის ჩვენ მიგვეწოდებინა პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად”, – ამის შესახებ „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დისტრიბუტორებთან ჰქონდათ გარკვეული სირთულეები, ვინაიდან, მათი კონტროლი ბაზარზე შემცირდა.
„იმ პერიოდში, როცა ეს პროცესი დავიწყეთ, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ის კონტროლი, რომელიც მათ ჰქონდათ ბაზარზე, შემცირდა იმდენად, რამდენადაც, ერთი მხრივ, იყო არაორგანიზებული ბაზარი, სადაც, არანაირი პრომოები, აქციების და პროდუქციის არანაირი ორგანიზებულობა, გარკვეულწილად ლეგალურობა და ტრანსფარენტულობა არ იყო. მეორე მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ბიზნესი გაგვეხადა ტრანსფარენტული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის,“ – აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, „რიბეითი“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას, ვინაიდან, ეს არის საცალო ქსელის ოპერატორისთვის შესაძლებლობა, რომ შეძლოს ფასის ოპტიმიზაცია.
„ის „რიბეითები“, რომლებსაც ხშირად ახსენებთ, არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას. ეს „რიბეითები“ არის „რითეილისთვის“, რომ „რითეილემა“ მაქსიმალურად შეძლოს მისი საშუალებით ფასის ოპტიმიზაცია და თაროზე იმ ფასის დასმა პრომოების, აქციების დროს – და გარკვეულწილად არსებობს პროდუქციის კატეგორია, რომელიც მუდმივად დაბალ ფასშია და მე უკევ აღვნიშნე ისინი, საუბარია ულტრა-სენსიტიურ და სენსიტიურ პროდუქციაზე, მათ აქციებიც კი არ ეხება, იმდენად დაბალია მათი საწყისიო ღირებულება თაროზე, მათი ქვემოთ ჩასვლის საშუალება „რითეილეს“ უკვე აღარ აქვს,“ – განაცხადა ქარქაშაძემ.