“ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც 2020 წლიდან მოყოლებული ვართ – სულ კონფლიქტებსა და ომებში, ჩვენ ვმუშაობთ გამნაღმველებივით. ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება, ქვეყანა აგვიფეთქდეს, ამიტომ, ამას სჭირდება იუველირული სიზუსტით მოქმედება”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, “ევროპის კავშირთან დაპირისპირების სპირალი იწყება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ”.
“ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მოვლენას. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში, ჩვენ არ უნდა შეგვხედონ ისე, რომ საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რუსეთის გამაღიზიანებელი და არ უნდა შეგვხედონ ასე.
რა ახსნა აქვს, რომ საქართველოსგან 4 წელია, ითხოვენ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და იმავეს არ ითხოვენ მოლდოვისგან, რომელიც არის ასევე კანდიდატი ქვეყანა. რა კონკრეტული ინტერესი აქვს ევროკავშირს, რომ მაინცდამაინც საქართველომ დაუწესოს რუსეთს სანქციები, რომლის ვაჭრობა რუსეთთან არის 0,3%.
იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიყავით მათთვის კომფორტული ხელისუფლება და არ გავყევით მათ ყველაფერ იმაში, რაც გვთხოვეს, გადაწყვიტეს, რომ სხვა ძალებზე დაედოთ ფსონი და გადაწყვიტეს საქართველოში რეჟიმის ცვლილება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.