არჩილ გორდულაძე – ეუთო-ს ანგარიშზე: საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რა ფასი აქვს ისეთ ანგარიშს, რომელიც რამდენიმე დღეშია მომზადებული და რამდენიმე გვერდისგან შედგება
“საზოგადოებამ თავად შეაფასოს, რა ფასი აქვს ისეთ ანგარიშს, რომელიც რამდენიმე დღეშია მომზადებული და რამდენიმე გვერდისგან შედგება,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე ხალხმა პასუხი ორჯერ გასცა იმას, რომ ამ ქვეყანაში, სკოლებსა და ბაღებში არ უნდა იყოს დაშვებული ლგბტ პროპაგანდა.
„არჩევნებზე ხალხმა პასუხი ორჯერ გასცა იმას, რომ ამ ქვეყანაში, სკოლებსა და ბაღებში არ უნდა იყოს დაშვებული ლგბტ პროპაგანდა, ბავშვებში სქესის შეცვლა, ასევე ქალი რომ ქალია და კაცი – კაცი. სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე ეუთო ამბობს, რომ ეს ყველაფერი თითქოს მისაღებიაო. შეუძლიათ, ამერიკის ადმინისტრაციას მიმართონ ზუსტად ანალოგიური შენიშვნებით და უთხრან, რომ გააუქმონ, ქვეყანაში არსებული „ფარა“ და გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია სქესის შეცვლა ბავშვებში.
რაც შეეხება ჰააგის ნაწილს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მარტივ კითხვას უპასუხოს, უნდა იყოს თუ არა დაშვებული სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული „ფარა“, უნდა შემოდიოდეს თუ არა ქვეყანაში შავი ფული და პოლიტიკის გარედან დაფინანსება. ეს ადამიანები ამ პასუხებს გაურბიან, სიგიჟეს საუბრობენ და ჰააგას ახსენებენ. ეს ყველაფერი საიდან არის დაწყებული თუ არა, „ბიბისის“ დეზინფორმაციული ფილმით, რომელსაც შემდეგ გებელსისეული პროპაგანდა მოაყოლეს. ეს ჩვენს ქვეყანაში არ ჭრის. ჰააგაზე საუბრობენ და გვახსოვს, ვინ ახსენებს, ის ადამიანები, ვინც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.