მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ ეუთოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვლავ გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა ეუთოსთან”,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს მთავარი ფუნქცია არ არის მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვება, არამედ მისი მთავარი ფუნქცია არის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება.

„გარკვეულწილად, ეუთოსაც უწევს საკუთარი რეპუტაციის დაცვა. ჩვენ გასული წლის განმავლობაში არაერთგზის მოწმენი გავხდით თუ როგორი იყო მცდელობა ეუთოს გამოყენებისა და ეუთოს ჩართვისა იმ რადიკალურ ქმედებებში, რასაც საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია ჰქვია.

ძალიან საინტერესოდ წარიმართა დისკუსია, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პოსტ არჩევნების ანგარიშთან დაკავშირებით. ასევე, მოსახლეობას შევახსენებ რაოდენ დიდი იყო ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომელმაც ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საქართველოში კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნები ჩატარდა. მინდა შევახსენო მოსახლეობას შემდგომ, როგორი იყო თავდასხმები სადამკვირვებლო მისიაზე, ასევე, როგორი იყო ზეგავლენა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმ დროინდელ პრეზიდენტზე პია კაუმაზე, რომელსაც პრაქტიკულად მოუწია გადადება შეხვედრისა საქართველოში.

ჩვენ ვიცით თუ როგორი დიდია სურვილი მოქმედი პრეზიდენტისა, რომ არა თუ შეუნარჩუნოს, არამედ აღადგინოს ნდობა ეუთოსადმი საქართველოს მოსახლეობაში. იმიტომ, რომ ეუთოს მთავარი ფუნქცია არ არის მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვება. არამედ მისი მთავარი ფუნქცია არის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნება. მათ ძალიან კარგად ესმით თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. მათ ძალიან კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა. და მათ ძალიან კარგად ესმით ასევე, თუ რამდენად დიდია ის პოლარიზაცია, რომელიც ხელშეწყობილია ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები