“ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორი არამყარია ევროკავშირი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში – მათ შორის, უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში” – ბითაძე
“იმის პარალელურად, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთს სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა.
ბითაძემ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ჩვენ ვაკვირდებით – რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთის ფედერაციას სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად; ასევე, ჩვენ ვაკვირდებით რომ არის გარკვეული ჯგუფი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას და დაშანტაჟებას. ბუნებრივია, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
ჩვენ ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორი არამყარია ევროკავშირი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათ შორის, უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ემყარება გარკვეულ ორმაგ სტანდარტს. მაგალითად, რომ მივუბრუნდეთ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამ პასპორტებისთვის, ჩვენ ვიცით, რომ უკვე ორი წელია ამაზეა საუბარი. თითქმის მეხუთე გადაწყვეტილებაა მიღებული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. კარგად ვხვდებით, რომ ეს არის გარკვეული ინსტრუმენტი საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის დასაშანტაჟებლად, რაც პირდაპირ მიუთითებს არასამართლიანი და ორმაგის სტანდარტების გამოყენების მაგალითებზე ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.