ნეპოტიზმის მორიგი ფაქტი ალასანიას უწყებაში
ნეპოტიზმის კიდევ ერთი ფაქტი თავდაცვის სამინისტროში. მამა-შვილ კაპანაძეების შემდეგ „კვირა“ თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული კიდევ ერთი ოჯახის შესახებ გიამბობთ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი გიორგი კერესელიძე და მისი მეუღლე თეონა იმნაძე უკვე წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ.
გიორგი კერესელიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2009 წლიდან მსახურობს და ის გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამავე უწყებაში ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად გიორგი კერესელიძის მეუღლე თეონა იმნაძე მუშაობს. 2010 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ გიორგი კერესელიძემ თანამდებობიდან ხელფასის სახით 27 011.50 ლარი მიიღო.იმავე დოკუმენტში თეონა იმნაძის სახელფასო შემოსავალი 14 112 ლარს გაუტოლდა.
გიორგი კერესელიძის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ წლების განმავლობაში მისი სახელფასო შემოსავალი ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობდა. 2012 წლის ქონებრივი დეკლარაციით კი სარდალ გიორგი კერესელიძის თანამდებობრივი სარგო ერთი წლის განმავლობაში 49 390.12 ლარი იყო. იმავე წელს მისმა მეუღლემ თანამდებობიდან 14 686.93 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სარდალი სამართალდამცველებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააკავეს. სარდლის დაკავებას დიდი ხმაური მოჰყვა. მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამხედროების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამოყენებაში. საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების ცემისა და არაადამიანური მიპყრობის ფაქტს. სარდალი კერესელიძე ავტობატალიონში მძღოლების მიერ საწვავის გადახარჯვას გაუღიზიანებია. ითქვა, რომ მან ჯარისკაცები გააშიშვლა, ფიზიკურად გაუსწორდა, ორმოში ჩაყარა და თავზე საწვავი გადაასხა. კერესელიძეს ბრალი წაუყენეს, პროკურატურა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა 2013 წლის 13 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მას თავდებში ჩაუდგნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრის მოადგილე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კერესელიძე თავდების ქვეშ გაათავისუფლა. მეტიც, მალევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სარდალი საკუთარ პოსტზე აღადგინეს და ამჟამადაც აგრძელებს საქმიანობას.
მიუხედავად სარდლის ხმაურიანი დაკავებისა, 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი სახელფასო შემოსავალი გიორგი კერესელიძეს დაპატიმრების შემდეგ დაერიცხა. ეს დოკუმენტი სარდალმა 2013 წლის 23 აპრილს შეავსო, სადაც წინა წლის შემოსავალი თანხა – 70 588.75 ლარი მიუთითა. ხოლო მისმა მეუღლემ ამავე ქონებრივ დეკლარაციაში შემოსავლის სახით – 13 700 ლარი აღნიშნა. ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სარდალმა სასაფლაოს ხარჯების მოპირკეთებასა და სხვადასხვა ხარჯისათვის 15 000 ლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ სარდალმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისათვის 3500 ლარი გადაიხადა. გიორგი კერესელიძის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ერთი საცხოვრებელი ბინა. ხოლო მისი მეუღლის სახელზეა მითითებული კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინა თბილისში, პუშკინის ქუჩაზე.
გიორგი კერესელიძესა და თეონა იმნაძეს ორი შვილი – 10 წლის გივიკო და 1 წლის ნუციკო კერესელიძეები ჰყავთ.