აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: ღარიბაშვილის განცხადება რეალური ვითარების იგნორირებას ადასტურებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მოახდინა ქიმერული ინიციატივების ცბიერი ტაქტიკით გატარების დემონსტრირება, რაც საქართველოს იმ დასავლელ პარტნიორებზეა გათვლილი, რომელთათვისაც ოფიციალური თბილისის ნებისმიერი განცხადება მაშინვე ბიბლიური მცნების ტოლფასი ხდება.
“27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ძლიერი და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის თაობაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონში შექმნილი რეალობის ადეკვატური აღქმის არარსებობას და რეალური ვითარების იგნორირებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, აფხაზეთი მტკიცედ დადგა დამოუკიდებელი განვითარების გზაზე და კვლავაც გააგრძელებს ამ გზაზე სვლას საქართველოს ხელისუფლების “ძმური და მეგობრული წინადადებების” თავსმოხვევის გარეშეც.
“განსაკუთრებულ ამაჩუყებელ გრძნობებს აღძრავს არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების შეუპოვრობა “აფხაზ და ოს ძმებთან რეალური შერიგების პროცესის” ხელშეწყობაში, არამედ “კეთილშობილური მზრუნველობა” მშვიდობისა და ჰარმონიისთვის. საბედნიეროდ, აფხაზეთში ჯანსაღ შეფასებას აძლევენ “სამშვიდობოს” ჭეშმარიტ მიზანს საქართველოში”, – აღნიშნულია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.