ზაქარეიშვილი რუსეთ-ცხინვალის შესაძლო შეთანხმებაზე: ნაკლები ემოციურობით უნდა მივუდგეთ…

რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის” შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კომენტარი გააკეთა. ზაქარეიშვილის თქმით, ასეთ საკითხებს მეტი გონივრულობით და ნაკლები ემოციურობით უნდა მივუდგეთ. “გამორიცხული არაფერი არაა, თუმცა ეს ჯერჯერობით განცხადებაა, დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ ლაპარაკი არ არის მიერთებაზე. რაზეც ამდენი ხნის მანძილზე იყო საუბარი, თუ ასე შევხედავთ საკითხს, ეს უფრო უკან გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე – წინ. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით , ნაკლები ემოციურობითა და მეტი გონივრულობით უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაც გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი დამუშავების პროცესშია და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზად იქნება. ამასთან, ბიბილოვის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან უფრო ფართო ინტეგრაციას გეგმავს, ვიდრე ეს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტშია გაწერილი. „ხელშეკრულების იმ ვარიანტში, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მოლოდინი, მისი მისწრაფება რუსეთის ფედერაციასთან ასახული არ არის“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები