ინდოეთის რამდენიმე მსხვილი ნავთობის გადამმუშავებელი კომპანია რუსული ნავთობის ახალი პარტიების შესყიდვას დროებით თავს არიდებს, – ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიები არ განიხილავენ რუსული ნავთობის მიწოდებაზე ახალ შეთავაზებებს, რომლებიც აპრილიდან და უფრო გვიან პერიოდზეა გათვლილი.
წყაროების თქმით, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სავაჭრო და დიპლომატიურ რისკებთან, მათ შორის აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან.
Reuters აღნიშნავს, რომ საუბარია არა ოფიციალურ სახელმწიფო აკრძალვაზე, არამედ ინდივიდუალურ კომერციულ გადაწყვეტილებებზე. ინდოეთის მთავრობას ნავთობგადამმუშავებელი კომპანიებისთვის რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური მითითება არ გაუცია.
მედიის ცნობით, ინდოეთი რუსეთის ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ბოლო თვეებში იმპორტის მოცულობა შემცირებულია.