„ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს და აქციას მართავს“

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არა აქვს არანაირი მორალური უფლება, აქცია დააანონსოს და ხალხი რუსთაველის გამზირზე გამოიყვანოს“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს აქციისკენ მოუწოდებს, ცინიზმია.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ გვმოძღვრავს და ჭკუას გვარიგებს, სხვათა შორის – ის ადამიანები, რომლებმაც თავისი უგუნურობით და არასწორი პოლიტიკით ჯერ შემოიყვანეს საქართველოდან სიმწრით გაყვანილი რუსის ჯარი, შემდეგ კი – რუსეთის სამხედრო ტექნიკა საქართველოში. ამის მერე მოსახლეობას ეძახდნენ აიღეთ დანა- ჩანგლები და დანა-ჩანგლით დაიცავით თავიო. ოღონდ მათი ოჯახის წევრები საქართველოდან გარბოდნენ და თავად ვინ სად იყო დამალული, ეს კიდევ ცალკე თემაა. საერთოდ ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს და აქციას მართავს.
სხვათა შორის, 2008 წელს, როდესაც ჩვენი დაღუპული ბიჭები ჯერ კიდევ დამარხულები არ იყვნენ და 40 -გრადუსიან სიცხეში იყვნენ უპატრონოდ მიტოვებულები, რუსთაველის გამზირზე ხალხი გამოიყვანა ზუსტან იმ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც დღეს, 15 ნოემბერს, რუსთაველზე ხალხს ეძახის და მაშინ – საქართველოს დამარცხება აზეიმა. თუმცა, გამარჯვებად წარმოგვიდგინა ეს დამარცხება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არა აქვს არანაირი მორალური უფლება, დააანონსოს აქცია მაშინ, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე უბრალოდ ხალხი დახოცა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები