პრემიერ-მინისტრი ხვალ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს გახსნის
სასტუმრო “რედისონში” ხვალ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება.
როგორც “კვირას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
ორდღიანი ფორუმი ეკონომიკის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით იმართება. ღონისძიების პარტნიორები მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საკონსულტაციო კომპანია PMCG (POLICY AND MANAGEMENT CONSULTING GROUP) არიან. ფორუმის ერთ-ერთი სპონსორია ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ღონისძიების მხარდამჭერი არიან “რაკია საქართველო” და “სილქ როუდ გრუპი”.
სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მომდევნო ზოგად სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან კურტ ტონგი; საინვესტიციო ბანკის ვიცე-თავმჯდომარე და ბარკლის ბანკის ახლო-აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის თავმჯდომარე მაკრამ აზარი, ასევე ქ. მოსკოვის “ახალი ეკონომიკური სკოლის” რექტორი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი. ფორუმის გამხსნელ ნაწილს მოდერირებას გაუწევს საერთაშორისო სატელევიზიო არხის “CNN”-ის ბიზნესპროფილის გადაცემის წამყვანი ჯონ დეფტერიოსი, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც მოხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ჩაწერა “CNN”-ის მაყურებლისთვის.
საინვესტიციო ფორუმის “საქართველო – რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან” მიზანია, მოხდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა აზიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისთვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთანავე რეგიონში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მაქსიმალური ხელშეწყობა.
სამინისტროს განცხადებით, ფორუმზე მიწვეულია 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, მალაიზია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ევროპიდან და აშშ-დან დაინტერესებული პირები, ხოლო ქართული მხრიდან ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი პირი, ძირითადად კერძო და საჯარო სტრუქტურებიდან.
საინვესტიციო ფორუმი წარიმართება პრეზენტაციებისა და სადისკუსიო პანელების ფორმატით. ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბიზნესფორმატის ორმხრივი შეხვედრები (B2B). საერთაშორისო ფორუმის დიდი ნაწილი დაეთმობა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. სამი სადისკუსიო პანელის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი ძირითადი მიმართულებები: ტრანსპორტი, ლოგისტიკა და წარმოება; ენერგეტიკა; ტურიზმი და საცალო ვაჭრობა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა წარადგენს ინფორმაციას იმ რეფორმებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა.