“თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება უწყების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს“

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციის იურისტის ლევან ბერაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და აუცილებელია ფაქტთან დაკავშირებით სამართალწარმოება გამჭვირვალე და მიუმხრობელი იყოს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს და საჭიროებს, მინისტრის მხრიდან პასუხი გაეცეს უწყებაში შესაძლო კრიმინალის ფაქტს.
“ორგანიზაცია 2013 წლიდან სწავლობს თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს და საჯაროდ მიუთითებდა, რომ საჯარო უწყებაში სახელმწიფო ტენდერების განხორციელების პროცესი საჭიროებდა შესაბამისი უწყებების მონიტორინგს. ამასთან, ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გააკეთა კომპანია ,,სილქნეტის” კეთილსინდისიერების საკითხთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების საქმეში, გამოძიება დაინტერესდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ რა ურთიერთსასარგებლო გარიგება არსებობდა დაკავებულებსა და კომპანიას შორის. “ახალგაზრდა ადვოკატები” აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა დანაშაულის სიმძიმე და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროს პირველი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდგომ, პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, ორგანიზაციის აზრით, აღნიშნული დაკავება რეზონანსულია და სამთავრობო პოლიტიკას გამოწვევის წინაშე აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები