ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცის “ჩამოგდების“ ამბავი კოდალაშვილის ფანტაზია აღმოჩნდა – რითი ხსნის მწერალი დეზინფორმაციის გავრცელებას?

მწერალი ლელა კოდალაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცი ებოლას საშიშროების გამო „ჩააგდეს“, დღეს აცხადებს, რომ ფაქტს თავად არ შესწრებია, ინფორმაცია კი საკუთარი ფანტაზიის მიხედვით განავრცო.
როგორც კოდალაშვილი “კვირასთან“ საუბრისას ჰყვება, მან ყაზბეგის გამზირზე ავტობუსის ერთ-ერთი გაჩერებიდან დაახლოებით 20 მეტრში ძირს დავარდნილი შავკანიანი მამაკაცი, მართლაც, დაინახა, მას გამოელაპარაკა და დახმარება შესთავაზა, თუმცა არ დაინტერესებულა, როგორ აღმოჩნდა ის ამ მდგომარეობაში. მწერლის განმარტებით, მას მამაკაცმა უთხრა, რომ ფრანგი იყო. ლელა კოდალაშვილი ფიქრობს, რომ საკუთარი წარმომავლობის დასახელებით მამაკაცი ცდილობდა დამტკიცებას, რომ არა აფრიკიდან, არამედ საფრანგეთიდან იყო და ებოლას ვირუსი არ ექნებოდა. თვითმხილველი დღეს უკვე აღიარებს, რომ მას შავკანიანი მამაკაცის ავტობუსიდან გადმოგდების ფაქტი არ დაუნახავს, მისთვის ეს არც დაზარალებულს და არც მგზავრებს დაუდასტურებიათ და, როგორც მწერალმა, მან მხოლოდ საკუთარი ფანტაზია განავითარა. მოგვიანებით კი ვარაუდი მტკიცებით ფორმაში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

„შავკანიანი მამაკაცი ავტობუსის გაჩერებიდან დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით ასფალტზე ეგდო და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, მივედი და ინგლისურ ენაზე დაველაპარაკე, ხელსახოცები და “კორსიზი” მივეცი. ასევე სასწრაფო დახმარების და პატრულის გამოძახება შევთავაზე, თუმცა უარი მივიღე. იმდენად აღელვებული ვიყავი მისი მდგომარეობით, არ მიკითხავს, როგორ აღმოჩნდა იმ ვითარებაში. მხოლოდ ის მითხრა, რომ ფრანგი იყო. გამვლელების გულგრილმა დამოკიდებულებამ გამაოცა, ერთ-ერთმა გამვლელმა ქალბატონმა თქვა ისიც, რომ შესაძლოა, მას ებოლაც ჰქონოდა. მის მიმართ დისკრიმინაციული შეძახილებიც გაისმოდა. ძალიან აღელვებული დავბრუნდი სახლში, ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში გამოვთქვი ჩემი ვარაუდები და დასკვნები. მე ამ გარემოებებიდან დავასკვენი, რომ ეს მამაკაცი ავტობუსიდან სწორედ ამ მიზეზით ჩამოაგდეს, რომ ებოლათი დავირუსების შეეშინდათ. მე მისთვის არ მიკითხავს, თუ როგორ აღმოჩნდა ძირს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ უბრალოდ ხელი ჰკრა და არც იმას, რომ ეს მამაკაცი უხერხულად იდგა და ჩამოვარდა. მეც მქონდა ასეთი შემთხვევა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ავტობუსით ვმგზავრობდი, ფეხი უხერხულად დავადგი გადმოვვარდი და ასფალტზე დავეცი. ჩემი ვარაუდი კი დავწერე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირადი გვერდი. მე ვარ მწერალი და მქონდა უფლება, შინაარსი მხატვრულად გამევრცო.10735917_309569739249216_858937481_n
ჩვენს ქვეყანაში ფერადკანიანებს ცუდად უყურებენ. ჩემს მეგობარს ჰყავს ფერადკანიანი ბოიფრენდი, რომელზეც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეკითხებიან, რატომ ცხოვრობს მასთან. მე მწერალი ვარ და ჩემს პოსტში ლიტერატურულად გავმართე გამვლელთა რეაქციები, ჩემს ტესტებს პასუხისმგებლობით ვეკიდები. შინაარსი იგივე დავტოვე, უფრო გავამხატვრულე წინადადებები“,-განაცხადა კოდალაშვილმა.
მწერალი აცხადებს, რომ ის სამართალდამცველებმა უკე დაჰკითხეს.
„კვირას“ შეკითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მან მტკიცებით ფორმაში დეზინფორმაცია გაავრცელა, მწერალმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მის გარემოცვაში ხშირად სმენია ფაქტები, როცა კანის ფერის გამო ადამიანთა დისკრიმინაცია ხდება და ამაზე საზოგადოება დუმს.
შეგახსენებთ, რომ მწერალმა ლელა კოდალაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრეცელი პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. კოდალაშვილი წერდა, რომ ყაზბეგის გამზირზე ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცი ებოლას საშიშროების გამო “გადმოაგდეს“.
მწერალი წერდა, რომ მძღოლმა ავტობუსი სპეციალურად გააჩერა და მგზავრებს მამაკაცის გადმოგდების საშუალება მისცა.
კოდალაშვილი ამტკიცებდა, რომ მგზავრები შავკანიან მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ერთ-ერთმა მგზავრმა მას თავში ხელჩანთაც ესროლა.
მწერლის მიერ სოცილურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
“ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა…
ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს… დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო… ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს… მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან”… მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას”…
ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული „ბოევიკის“ პერსონაჟი ,,კადილაკივით“ მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება“,- წერდა ლელა კოდალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები