ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი გლეხებს საკუთარი ხელით აჩეხინებდა ვენახს, რაც შაჰ აბასს არ გაუკეთებია
სააკაშვილი გლეხებს საკუთარი ხელით აჩეხინებდა ვენახს, რაც შაჰ აბასს არ გაუკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მათ მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“ჯანდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა, საქართველოში ერთ წელიწადში 82 ამბულატორია გაკეთდა, სოფლის ექიმების ხელფასებმა კი 30%-ით მოიმატა.დღეს ყველა მოქალაქე დაზღვეულია, ეს არის უნივერსალური პროგრამა და მას ყველა აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს”, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 300 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა.
“360 მილიონი გადაიხადა სააკაშვილმა ქუთაისის პარლამენტში. ჩვენ ეს 300 მილიონი დავხარჯეთ ხალხისთვის, სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად. 107 მილიონი ლარის სასუქი დავარიგეთ მოსახლეობაში, 48 მილიონის შხამ-ქიმიკატები, 54 მილიონის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და 490 მილიონი ლარის კრედიტი გაიცა, რომლის პროცენტებსაც ჩვენ ვუხდით მოსახლეობას და ორი წლის განმავლობაში 21 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ კრედიტით. ჯამში 800 მილიონის ინვესტირება განხორციელდა სოფლის მეურნეობაში. ეს თითქოს არაფერია და ამაზე არავინ საუბრობს. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს არ ინტერესებთ, ის რაც ხდება ხალხისთვის, მაგრამ ეს თითოეულ ოჯახზე აისახება”, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 2009-2011 წლებში სულ 88 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა კახეთის რეგიონში, რომლის ფასი 50-დან 90 თეთრამდე მერყეობდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 200 ათასი ტონა ყურძნის რეალიზაცია განხორციელდა და გლეხებმა 270 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში გაშენდა 4 ათასი ჰექტარი ვენახი, რადგან გლეხს სტიმული მიეცა, მაშინ, როდესაც სააკაშვილი გლეხებს საკუთარი ხელით აჩეხინებდა ვენახს, რაც შაჰ აბასს და ყველაზე სასტიკ დამპყრობლებს არ გაუკეთებიათ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ ყველა პრობლემა ერთ დღეში მოგვარდება, მაგრამ მისივე თქმით იდგმება თანმიმდევრული ნაბიჯები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.