დავით ქართველიშვილი: აშშ-მ შეწყვიტა საქართველოს მიმართ იდეოლოგიური კონტროლის პრიზმიდან ყურება, ეს არ არის ჩვენი საჯარო შექება, მაგრამ არც საჯარო გმობაა. ჩვენი მისამართით არ ისმის აპლოდისმენტები, მაგრამ აღარც მათრახი გვიგრძვნია
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. ის წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა საქართველოს იდეოლოგიური კონტროლი:
„კონტრასტი წინა ოთხ წელთან თვალშისაცემია – ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საქართველო რეგულარულად ხვდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის კრიტიკულ განცხადებებში: „დემოკრატიის უკუსვლა”, „სამართლის უზენაესობის პრობლემები”, „ანტიდასავლური რიტორიკა”, „ზეწოლა ოპოზიციაზე” და ა.შ.” – წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ „მეგობარი” აქტი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განხილვამდეც კი არ მისულა. ხოლო საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი ელჩ დანიგანისგან განსხვავებით, მხოლოდ პოზიტიურ ყურადღებას იქცევს. დავით ქართველიშვილის აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომების ცვლილებას.
„საქართველოს პოლიტიკურ და საექსპერტო სივრცეში, ასევე საზოგადოების ჭრელ ფენებში, სულ უფრო ხშირად ისმის შეშფოთებული კითხვა: რატომ არ გაუკეთებია ახალი ადმინისტრაციის პირობებში თეთრ სახლს არც ერთი საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კურსსა და პოლიტიკას ღიად დაუჭერდა მხარს? თუმცა ეს კითხვა თავიდანვე არასწორად არის დასმული. იგი ეფუძნება მოძველებულ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც ხმამაღალი დეკლარაციები ურთიერთობების მთავარ საზომად ითვლებოდა. მაშინ, როცა რეალური დიპლომატია (განსაკუთრებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში) მოქმედებებისა და, სადაც საჭიროა, დუმილის ენით საუბრობს.
კონტრასტი წინა ოთხ წელთან თვალშისაცემია – ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საქართველო რეგულარულად ხვდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის კრიტიკულ განცხადებებში: „დემოკრატიის უკუსვლა”, „სამართლის უზენაესობის პრობლემები”, „ანტიდასავლური რიტორიკა”, „ზეწოლა ოპოზიციაზე” და ა.შ. რა დაგვავიწყებს მეთიუ მილერის გაჭიმულ სახეს საქართველოს ყოველი ხსენებისას. მისი ფორმულირებები თითქმის ყოველდღიურად მეორდებოდა და თან ახლდა პირდაპირი შანტაჟისა და მუქარების ფორმატში გაკეთებული მკაფიო პოლიტიკური სიგნალები, პერსონალური სანქციებიდან დაწყებული, თანამშრომლობის ფორმატების გადახედვით დამთავრებული.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთწლიან მმართველობაში არც ერთი (!) მსგავსი განცხადება არ ყოფილა. არც ერთი! არც საჯაროდ, არც კულისებში, არც „ანონიმური წყაროების” მეშვეობით. საერთაშორისო პოლიტიკაში ეს არ არის ვაკუუმი, ეს არის მკაფიო ნიშანი ხედვის შეცვლისა და ირიბად, ურთიერთობების გადატვირთვისა: საქართველო აღარ განიხილება იდეოლოგიური „აღზრდის” გასაროზგ ობიექტად. განსაკუთრებით სიმბოლურია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ექვსთვიანი მსვლელობა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების შესასწავლად. ნახევარი წელი (!!) პირდაპირ ეთერში დაკითხვები, საარქივო მასალები, პოლიტიკურად უკიდურესად მგრძნობიარე დასკვნები. დემოკრატების მმართველობის ეპოქაში მსგავსი პროცესი გარდაუვალად გამოიწვევდა ბრალდებების ტალღას „რევანშიზმში”, „პოლიტიკურ დევნაში” და გახდებოდა სანქციური ზეწოლის საბაბი. რეალობაში კი ვაშინგტონის სრული დუმილი!!! არც პროტესტის ნოტა, არც „ღრმა შეშფოთება”, არც ურთიერთობების გადახედვის მუქარა.
იგივე ლოგიკა გამოვლინდა ე.წ. ანტიქართული „მეგობარი აქტის” შემთხვევაშიც. დოკუმენტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, აქტიურად “ლობირდებოდა” დემოკრატიული წრეების მიერ და უნდა ქცეულიყო ინსტიტუციური ზეწოლის იარაღად თბილისზე. თუმცა, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში იგი არც კონგრესში და არც სენატში სრულფასოვან განხილვამდეც კი არ მისულა. პროცესი ფაქტობრივად „გაყინეს” ახსნა-განმარტებების გარეშე და დიპლომატიაში უკვე ეს ფაქტი თავად არის განმარტება. ასე რომ, ძირითადი დასკვნა მარტივია და არასასიამოვნო მათთვის, ვინც ხმამაღალ დეკლარაციებს ელოდება: აშშ-მ შეწყვიტა საქართველოს მიმართ იდეოლოგიური კონტროლის პრიზმიდან ყურება. ეს არ არის ჩვენი საჯარო შექება, მაგრამ არც საჯარო გმობაა. ჩვენი მისამართით არ ისმის აპლოდისმენტები, მაგრამ აღარც მათრახი გვიგრძნია. ქვეყნისთვის, რომელმაც აირჩია სუვერენიტეტი, პრაგმატიზმი და უარი თქვა „დემოკრატიის გამოცდაზე მჯდომი მოსწავლის” როლზე, ეს ურთიერთობების ხარისხობრივად ახალი დონეა.
უკანასკნელი წლების ჩვენთვის ყველაზე დესტრუქციული ამერიკელიც – ექს-ელჩი დანიგანი, დროულად გაიწვიეს საქართველოდან. ხოლო მისი მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი, მხოლოდ პოზიტიური კუთხით იქცევს ყურადღებას. რომელი ხმამაღალი ჟესტი შეიძლება შეედაროს ყველაფერ ამას? არც ერთი განცხადება „რეფორმების მხარდაჭერაზე” არ იწონის იმდენს, რამდენსაც სანქციების არქონა და ანტიქართულ კურსზე უარის თქმა. არც ერთი ხმამაღალი პრესკონფერენცია არ უდრის თუნდაც იმ ფაქტს, რომ აშშ-მ დე-ფაქტო შეწყვიტა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. ხოლო საერთაშორისო პოლიტიკაში დუმილი იგნორირებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს სიგნალს და დღეს ეს სიგნალი საქართველოსთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითია. ყველაფერი ექვემდებარება შედარებით ანალიზს, რა იყო ორი წლის წინ, და რა არის დღეს” – წერს დავით ქართველიშვილი.