მონსტრების ოჯახმა სკოლის ბავშვები და მასწავლებლები მოწამლა

  80-იან წლებში კიევში ე.წ. მონსტრების ოჯახი ცხოვრობდა. 1987 წლის გაზაფხულზე მთელი კიევი შეძრა ერთ სკოლაში მომხდარმა ამბავმა, თუ როგორ ჩაუყარეს ბავშვებს წვნიანში საწამლავი. მოზარდი და რამდენიმე უფროსი უცნაური სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის მერე ადამიანები დაიღუპნენ. მაგრამ მანამდე მათ თმები გასცვივდათ. ჯერ მოსწავლე ბიჭი გარდაიცვალა, შემდეგ გოგონა. ექიმებმა ვერც უფროსები გადაარჩინეს. ამ საშინელ ისტორიას კიევის კრიმინალურ ისტორიაში დღემდე ანალოგი არა აქვს. ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა და მასზე ყოფილი პროკურორი სერგეი ვინოკუროვი და საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი ნიკოლაი გორაშენკოვი მხოლოდ ახლახან ალაპარაკდნენ.
– მაშინ მე კიევის ერთ-ერთი რაიონის პროკურორი ვიყავი, ერთ დღეს სკოლაში ბავშვების მოწამვლის შესახებ სიგნალი მოგვივიდა. ისინი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. თავიდან ექიმებმა გრიპის ახალ ვირუსზე მიიტანეს ეჭვი, მაგრამ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ეს სურდო არ იყო, ისინი არც საკვებით მოწამლულებს ჰგავდნენ. ამიტომ დანაშაულის განზრახ ჩადენის ეჭვი გაჩნდა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ გარდაცვალებამდე მომაკვდავებს თმები გასცვივდათ. გაირკვა, რომ სწორედ ის მოსწავლეები დაიღუპნენ, რომლებმაც წვნიანი შესვენებაზე საღამოს გასინჯეს.
ეჭვი მიიტანეს სასადილოში მომუშავე ქალზე, მაგრამ მოგვიანებით ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა. ექსჰუმაციამ უჩვენა, რომ მის სხეულში იყო მომწამვლელი ნივთიერება ტალია, რომელსაც გეოლოგიური ექსპედიციების დროს იყენებდნენ. მაგრამ როგორ მოხვდა იგი სკოლაში წვნიანში? გამომძიებლებმა დაიწყეს სკოლაში მომუშავე პერსონალის დაკითხვა, რომელთა შორის აღმოჩნდა ვინმე თამარა ივანიუტინა. მისი ქმარიც ავად იყო და იგივე სიმპტომებისგან იტანჯებოდა. მანამდე გაირკვა ისიც, რომ თამარას მეუღლის მშობლებიც მოულოდნელად დაიღუპნენ და მათი სიკვდილის მერე მრეცხავს დარჩა სახლი ნაკვეთით. კვლევის შედეგად გამომძიებლებმა აღმოაჩინეს გეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენელები, რომლებმაც აღიარეს, რომ ასეთი საწამლავი მათ ჰქონდათ მღრღნელების წინააღმდეგ და იგი სწორედ მათგან შეიძინეს თამარამ და მისმა მშობლებმა. თავის მხრივ, გაირკვა, რომ თამარას მშობლებიც ახლობელ ადამიანებს ზუსტად ასევე წამლავდნენ. თანდათან მოსწავლეების მოწამვლის ფაქტებიც უფრო გამოიკვეთა. თამარა სკოლის სამზარეულოდან საჭმელს იპარავდა და არ უყვარდა ისინი, ვინც ამ საქმეში ხელს უშლიდა. ასე მოხვდა საწამლავი სამზარეულოს გამგის მოადგილის თეფშში, ეს უკანასკნელი თამარას სკოლის სამზარეულოში ყოფნას უშლიდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მოადგილემ გადაიფიქრა წვიანის ჭამა და იგი ქვაბში უკან ჩააბრუნა. ყველაფერი ნათელი გახდა, კვალმა გამომძიებლები დამნაშავესთან მიიყვანა. აი, ასე აეხადა ფარდა ამ საშინელ დანაშაულს…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები