„ვინც ეკატერინეს აუგად მოიხსენიებს, თავად რას უტოვებენ მემკვიდრეობად ქართველობას“?! – გიორგი კალანდია
სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის 210 წელთან დაკავშირებით გიორგი კალანდია სტატუსს აქვეყნებს.
„2026 წელს დაბადებიდან 210 წელი უსრულდება სამეგრელოს სახელოვან დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს…
ბოლო წლებია მავანი მის შესახებ უმსგავსო ჭორებს, მონაჩმახ და მოგონილ ამბებს სიმართლედ ასაღებს, ცხადია, ზოგიერთს ამ დიადი ქალბატონის ქართველობა და კეთილგონიერება ყელში ძვალივით გაეჩხირა, მათთან პოლემიკას აზრი არ აქვს (ადამიანი როცა ჭორებს ავრცელებს, რაზე უნდა ეკამათო), თუმცა სამეგრელოს დედოფლის სიდიადის წარმოსაჩენად რამდენიმე ფოტოს გამოვაქვეყნებ.
ეს არის ეკატერინე ჭავჭავაძის ბრძანებით შექმნილი და განახლებული ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ომოფორი…. დიახ, „მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან”! – ვინც ეკატერინეს აუგად მოიხსენიებს, თავად მათ რა შეუქმნიათ მსგავსი მნიშვნელობისა საკუთარი ქვეყნისათვის, თავად რას უტოვებენ მემკვიდრეობად ქართველობას?!
სამეგრელოს დედოფალთან დაკავშირებით „ქართლის ცხოვრების” ერთი ცნობილი წინადადების პერეფრაზირებას მოვახდენ – უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულისხმისყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ჭყონდიდის ეკლესიისა…
P.S. წელს „სამეგრელო – ქართული კულტურის ისტორიის ქრონიკების“ III-IV ტომები გამოვა. ერთ-ერთი ავტორი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი ქალბატონი გულიკო ბარათაშვილია, სწორედ მისი პუბლიკაციიდანაა ეს ფოტოები“, – წერს გიორგი კალანდია.



