მედია: პენტაგონმა ტრამპს ირანში სამიზნეების ვარიანტები წარუდგინა
პენტაგონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში სამიზნეების ფართო სპექტრი წარუდგინა, მათ შორის არის ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების ობიექტები, – ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
NYT-ის ცნობით, ოფიციალური პირების თქმით, სხვა ვარიანტები, როგორიცაა კიბერშეტევა ან ირანის შიდა უსაფრთხოების აპარატზე დარტყმა, უფრო სავარაუდოა.
ოფიციალურმა პირებმა გაზეთს განუცხადეს, რომ თავდასხმა, სულ მცირე, რამდენიმე დღეშია მოსალოდნელი და შესაძლოა, ირანის მხრიდან ძლიერი საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს.
ანგარიშში, სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამჟამად სამი რაკეტსასროლი გამანადგურებელი ჰყავს, მათ შორის „რუზველტი“, რომელიც ბოლო დღეებში წითელ ზღვაში შევიდა.
პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, საზღვაო ფლოტს რეგიონში სულ მცირე ერთი რაკეტსასროლი წყალქვეშა ნავიც ჰყავს.