გიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც “ბიბისიმ” გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი – ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა – ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. “კამიტით მოწამვლის” შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბამისად, ცდილობენ, ვენესუელაში, ნეპალში ან ირანში მიმდინარე პროცესებმა, სხვაგვარი აღქმა ჰპოვოს საზოგადოების იმ ნაწილში, “რომელიც აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ, გაუგებარია მათი პროტესტი, ვინაიდან, არც არჩევნები გაყალბებულა, არც საგარეო კურსი შეცვლილა და ეს ყველამ კარგად იცის”.

მისი განცხადებით, ერთი წლის შემდეგ, ე.წ. მოწამვლის არგუმენტებია, რომ თუთიყუშს ბუმბული დასცვივდა და ძაღლი ორი კვირის მანძილზე, პატრონს ვერ სცნობდა.

“მოწამვლის თემა, ერთი წლის შემდეგ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც “ბიბისიმ” გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო სიუჟეტი, თითქოსდა ქართველ ოპოზიციონერ მედიკოსებზე დაყრდნობით. არც მათ უთქვამთ რამე ასეთი, არანაირი ანალიზი არ ჩატარებულა და ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და მეორეა, რომ ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა ორი კვირის განმავლობაში. ამას სარკაზმით არ ვამბობ, სხვა ვერაფერი არგუმენტი, ვერავინ წარმოადგინა. გამოძიების მასალები, კომპეტენტურმა სტრუქტურამ მოამზადა, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს, გაეცნოს და მიხვდება, რომ სამწუხაროდ, არის აუცილებლობა, რომ გამოყენებული იქნა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია. სამწუხაროა, რომ ამ ნივთიერების გამოყენების წინაპირობა შეიქმნა.” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები