შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება

“ევროპელი ხალხი უფრო ხმამაღალია ყოველ დღე. როგორც კი ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება”,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა
ჟურნალისტის კითხვას, როგორ ხედავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გადატვირთვის პოლიტიკას.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელის მმართველობის შეცვლა გარდაუვალია.

„ბრიუსელის მმართველობა უნდა შეიცვალოს და ეს გარდაუვალია. ის აცდენილია დღეს ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური დაკვეთით და დღის წესრიგით. რა თქმა უნდა ასეთ ბიუროკრატიასთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავთ. ბიუროკრატიასთან, რომელმაც ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიიყვანა, საერთო ენა როგორ უნდა გამოვნახოთ?! მაშინ ჩვენი ქვეყანაც ცივილიზაციურ უფსკრულთან უნდა მივაყვანინოთ. ასეც მოხდება ბრიუსელს თუ დავუჯერებთ. მათთვის რომ დაგვეჯერებინა, ჯერ საქართველოს ნანგრევების გასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები თუ საერთოდ ვიარსებებდით.

ბრიუსელს ჩვენს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ. ისიც ეყოფათ რასაც უშვრებიან ევროკავშირს, სადამდე მიიყვანეს ევროპის მოქალაქეები, ეკონომიკური სტაგნაცია, ნულის გარშემო ტრიალებს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირში. ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი, ყოველ დღე საუბრობს ომზე, ემზადება და განეწყობა ომისთვის. ის, ვინც განეწყობა ომისთვის, საბოლოო ჯამში მიიღებს ომს. ეს არის ესკალაციის ლოგიკა. ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ამიტომ მთავარი გზა არის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ევროპელი ხალხი უფრო ხმამაღალია ყოველ დღე. როგორც კი ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები