“მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში, დააკავონ; ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს” – პაპუაშვილი

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში, დააკავონ, ფარცხალაძე არის რუსეთის მოქალაქე, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა, მნიშვნელოვანია, ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში.

“მადლობა ეთქმის ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს. რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად, ვინაიდან ვხედავდით ჩვენ, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთაა. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ. ვხედავდით, რომ ის ამსრულებლებლები, ვინც დააკავეს, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. საბოლოოდ გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, და რა იყო მოტივი. ასე რომ, მადლობა ეთქმით ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ძალიან მძიმე და რთული საქმის გამოძიებამდე.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დააკავონ. ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. ფარცხალაძის მიმართ ვიცით ჩვენ, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები