სანიკიძე: მოხეს მოსაზღვრე სოფლებში სასწავლო პროცესის აღდგენა უკვე დაიწყო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ადიგენის რაიონში სოფელ მოხეს მოსაზღვრე სოფლებში სასწავლო პროცესის აღდგენა უკვე დაიწყო.
სანიკიძის თქმით, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება სრული არ არის, თუმცა მათი რაოდენობა მატულობს.
“სრული დასწრება არ არის, მაგრამ ნელ-ნელა უმჯობესდება. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი, პედაგოგები ადგილზე არიან, მოსწავლეების დასწრება ნელ-ნელა მატულობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში საგანმანათლებლო პროცესი სრულად აღდგება”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს მოსაზღვრე სამ სოფელში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღის წინ შეფერხდა.
სოფელ მოხეში რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა მუსლიმებმა ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს, სადაც, მათივე თქმით, ადრე მეჩეთი იყო. აქციას დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დააკავა. ადგილობრივი ხელისუფლება შენობაში მეჩეთის ფუნქციონირებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული შენობის განახლების შემდეგ იქ ბიბლიოთეკა განთავსდება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად მუსლიმმა ოჯახებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს.