დიმიტრი ლორთქიფანიძე და უჩა ნანუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
„ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვარ ფორმალურად, ისევე როგორც ყოფილი სახალხო დამცველები, პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში იმყოფება“, – აცხადებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
„ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრიც ვარ ფორმალურად, ისევე როგორც ყოფილი სახალხო დამცველები, პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში იმყოფება. მოქმედებაში ის რაღაც რისკებზე კი მიდის, მაგრამ როცა ასეთ რისკზე წასვლის აუცილებლობა დგება, ფეხს ითრევს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული სახალხო დამცველი, რჩება უმრავლესობისვე ერთგული. აი, ეს არის მისი მოღვაწეობის ძალიან მარტივი ფორმულირება“, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
„კვირის ქრონიკასთან“ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი აცხადებს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძემ კრიტიკის პარალელურად ის ფაქტებიც უნდა გაითვალისწინოს, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირება მოახდინა. „გვაკრიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძემ, მაგრამ შემდეგი ფაქტებიც გაითვალისწინოს – ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე განცხადებაც გავაკეთეთ, ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ საქმის შესწავლა. პროკურატურიდანაც გამოვითხოვეთ მასალები ორივე ინციდენტზე და მეტი რა უნდა გააკეთოს სახალხო დამცველმა, მაინტერესებს?! იქნებ გვითხრას, მეტი რა ბერკეტი გაგვაჩნია ასეთი? გამოძიება დაწყებულია, ეჭვმიტანილი – დაკავებული. გამოძიების პროცესს თვალყურს ვადევნებთ, რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, საპარლამენტო ანგარიშში დეტალურად არის რეკომენდაციები ასახული ამ საკითხზე. რეაბილიტაციის საკითხს რამდენიმე გვერდი ეთმობა. რაც შეეხება კანონს, პარლამენტი ამზადებს, ჩვენ მხოლოდ რეკომენდაცია ან წინადადების წარდგენა შეგვიძლია და ეს უკვე გავაკეთეთ. ხელისუფლებას თუ არ ვაკრიტიკებთ, აბა, ვის ვაკრიტიკებთ?! თქვას, რაც უნდა… ამ ყველაფრის გამო ვერ მივიღებ დიმიტრი ლორთქიფანიძის კრიტიკას. რეალურ კრიტიკას მივიღებ, მაგრამ ასეთს – არა!“, – აცხადებს ნანუაშვილი.