პოლონეთში მიგრანტების ლეგალიზაციის უკანონო სქემა გამოვლინდა
პოლონეთში მიგრანტების ლეგალიზაციის უკანონო სქემა გამოვლინდა – კრიმინალური ქსელის მომსახურებით სარგებლობა 1500-მდე ადამიანს, ძირითადად საქართველოს, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და თურქეთის მოქალაქეებს შეეძლოთ.
გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური სქემა 2020 წლიდან 2024 წლამდე მოქმედებდა. დამნაშავეები უცხოელებისთვის ფიქტიურ დოკუმენტებს, მათ შორის ყალბ დასაქმების მოწმობებსა და ყალბ საცხოვრებელ მისამართებს ამზადებდნენ. ამ ინფორმაციის გამოყენებით, ისინი მიგრანტებისთვის უკანონოდ იღებდნენ პოლონეთის ბინადრობის ნებართვებს.
დაკავებულია 24 პირი. გამომძიებლების თქმით, ჯგუფს 52 წლის პოლონელი და 39 წლის უკრაინელი ხელმძღვანელობდნენ. ჯგუფი თავისი მომსახურებისთვის ერთ ადამიანზე 3000-დან 5000 ზლოტამდე ითხოვდა.
ევროპოლის მონაწილეობით ჩატარებულმა საერთაშორისო გამოძიებამ აჩვენა, რომ სულ მცირე 20 უცხოელი, რომლებმაც ამ სქემის მეშვეობით საკუთარი თავი ლეგალიზებულად წარმოაჩინეს, შემდგომში ევროკავშირის ქვეყნებში, სხვადასხვა დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.
დაკავებულებს წარედგინათ ბრალდება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისა და დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე.
შესაძლო სხვა დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიკაციისა და დაკავების მიზნით, გამოძიება გრძელდება.
პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი საქმიანობის აღკვეთა მიგრანტების კანონიერად ინტეგრაციის პროცესის დასაცავად მნიშვნელოვანია და სამართალდამცავი უწყებები ამ მიმართულებით აქტიურ ბრძოლას გააგრძელებენ.