“დაკარგა გონება და ბრიგადის მისვლისას პულსი არ აღენიშნებოდა” – სამედიცინო ბრიგადამ თბილისში შუახნის მამაკაცი გადაარჩინა

სამედიცინო ბრიგადამ თბილისში შუახნის მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“გამოძახების მოტივი – მუცლის ტკივილი.

შემთხვევის ადგილზე მისულ, თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის 0532 ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

საცხოვრებელ კორპუსთან მისულ ბრიგადის წევრებს ხმაური შემოესმათ, პაციენტის ოჯახის წევრები პანიკაში იყვნენ. მათი გადმოცემით, პაციენტი მთელი დღის განმავლობაში შეუძლოდ გრძნობდა თავს, მოგვიანებით დაკარგა გონება და ბრიგადის მისვლისას პულსი არ აღენიშნებოდა.

ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად მოხდა მისი მონიტორზე აყვანა, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, მოხდა ელექტროშოკის გამოყენება, სასუნთქი სისტემის მართვა ტრაქეის ინტუბაცია და მედიკამენტური დახმარება, რის შედეგად გულისცემა აღდგა და პაციენტი გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ექიმი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასწრაფოს მანქანაში არსებულ CPR ტუმბოს, რომელიც მისი თქმით, რთულ შემთხვევებში რეალური მხარდაჭერაა და ბრიგადის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

ექიმის თინა თათარიშვილის თქმით, პაციენტის სრულყოფილ და წარმატებულ მართვაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ბრიგადის უმცროს ექიმს – დავით მიქაბერიძეს და ბრიგადის მძღოლს- ნუგზარ ღვინიაშვილს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები