ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იმაზე, რასაც ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენ მივუთითებდით, ვთხოვდით, ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მკაცრად არის მოწოდება ევროკავშირისკენ, რომ ის თუ ასე გააგრძელებს, პირდაპირ არის ეს სიტყვები, ევროპას ემუქრება გაქრობა, ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია.
„ევროპულ ბიუროკრატიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ჩამოთვლილია საკითხები: პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც მთავარია ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-ზე ჩამოვიდა, მთავრობის კრიზისები, ხალხის მიერ პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია და ბევრი კომპონენტი, რომელიც საკმაოდ საგანგაშოა. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვით არის წარმოდგენილი რუსეთი, ჩინეთთან ურთიერთობაც განსხვავებულადაა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ ინტერესზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება – ზუსტად იგივე მოცემულობებია ამერიკის თვალსაზრისით. შიდა პოლიტიკის თემები, ინდუსტრიალიზაცია, კრიმინალთან ბრძოლა, ეროვნული ინტერესი, ეკონომიკის საკითხები – ეს ის თემებია, რაშიც ჩვენ თანხვედრაში ვართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა ამერიკის დღევანდელი შეხედულებით ევროკავშირი.
„ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის. ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ. ასეთი მკაცრები ჩვენ არ ვყოფილვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.