გიორგი სოსიაშვილი – BBC-ის სიუჟეტზე: წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და ბულინგია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
„წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და ბულინგია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ხელწერა და იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.
„როგორც კი აღმოჩნდა, რომ სუს-მა დაიწყო გამოძიება, ჩახუნაშვილმა უცბად შეცვალა ჩვენება და რიტორიკა. ჩახუნაშვილმა ჭორაობის დონეზე გადასცა ეს ბრალდება და შემდეგ BBC ფეიკ ტელევიზიის როლში შევიდა და დაიწყო მსგავსი შეურაცხყოფა და ცილისმწამებლური კამპანია.
ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ხელწერა და იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი არის ხელისუფლების როგორღაც შეცვლა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მათთვის სანუკვარი მიზნის განხორციელება, რომელიც ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას და თავიანთი აგენტურული ძალის მოყვანას საქართველოს ხელისუფლების სათავეში“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.