ბაკალავრით გამოყენებითი ფსიქოლოგია. მაგისტრატურას კი ახლა ამთავრებს ჯიპას უნივერსიტეტში, მართვისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით.
მუშაობს ამონაშვილის აკადემიაში სკოლამდელი ასაკის პროგრამების ხელმძღვანელად. ამავდროულად – ამონაშვილის საავტორო ბაღის ხელმძღვანელად.
ხატვა და ხელოვნება ბავშვობიდან იტაცებს. უშუალოდ თექის ნახატების შექმნა დაახლოებით 7-8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ვალდორფის საბავშვო ბაღში მუშაობდა.
ამბობს, რომ თექაზე მუშაობა მისთვის თერაპიაა.
პანდემიის პერიოდში შექმნა სოციალური გვერდი, ნამუშევრებით, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ თან არ მინდა უარის თქმა ჩემს ჰობიზე, რომელიც ძალიან მიყვარს“. – ფსიქოლოგის და ხელოვანის, სალომე საჩიშვილის პერსონა.

– თექით ნახატებმა რით მიგიზიდათ?
– თექაში მიზიდავს ის, რომ ეს ბუნებრივი მასალაა. მისით შეიძლება შექმნა ისეთი სიუჟეტები და ემოცია, რომელთა გადმოცემა სხვა მასალით შეუძლებელია. ამიტომაც ვქმნი თექისგან ნახატებს თავისი პატარა „ისტორიებით”.
თექასთან პირველი შეხება დაახლოებით 7–8 წლის წინ მქონდა. მაშინ ეს უფრო ექსპერიმენტი იყო, პროცესი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი და ნამუშევრების გაყიდვაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. პანდემიის პერიოდში რამდენიმე ნამუშევარი სოციალურ ქსელში ავტვირთე, რასაც, მოულოდნელად, დიდი გამოხმაურება და გულწრფელი შეფასებები მოჰყვა. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, რომ თექის ნამუშევრები რეალურად შემეთავაზებინა ადამიანებისთვის.
– როგორ გეხმარებათ პროფესია ხატვის დროს და პირიქით?
– ფსიქოლოგია და ხელოვნება ერთმანეთს ძალიან ავსებს. ფსიქოლოგიაში ჩვენ ბევრს ვაკვირდებით ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ეს გამოცდილება კი, მაძლევს შესაძლებლობას, სხვების ემოციები უფრო ზუსტად აღვიქვა. შესაბამისად, ნათლად ვგრძნობ, რა განცდები შეიძლება აღძრას ფერმა, ფორმამ ან სიუჟეტმა. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრებიც, ხშირად, შინაგანი მდგომარეობისა და განწყობის გამოხატულებაა.
მეორე მხრივ, ხელოვნება თავადაც მეხმარება პროფესიულ საქმიანობაში. მაგალითად, სიმშვიდის შენარჩუნებაში, კონცენტრაციასა და შემოქმედებით ენერგიის შევსებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან და ადამიანებთან მუშაობის პროცესში.
– სკოლამდელი ასაკის პროგრამების ხელმძღვანელი და ამავდროულად ამონაშვილის საავტორო ბაღის ხელმძღვანელი ხართ… ალბათ შემოქმედებითი მუშაობის დროს შთაგონება სამსახურიდანაც მოდის...
– სანამ ამონაშვილის აკადემიაში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვმუშაობდი ვალდორფის საბავშვო ბაღში, სადაც აქტიურად გვიწევდა ბავშვებთან ერთად თექის სხვადასხვა ნამუშევრის შექმნა. ჩემი პირველი შეხება თექასთან, სწორედ ჩემს სამსახურს უკავშირდება.
ჩემი ნამუშევრები თითქოს საბავშვოა, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება ნებისმიერი ადამიანის შინაგანი გამოძახილი იყოს. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც თექის ნახატებს არა მხოლოდ ბავშვებისთვის ყიდულობენ, არამედ ზრდასრულებიც უკვეთენ თავისთვის ან მეგობრებისთვის. შეიძლება ეს იმიტომაც ხდება, რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი და ეს ნამუშევრები თითოეულში პირად და გულწრფელ შინაგან ემოციას აღვიძებს.
– რატომ ჰქვია თქვენს გვერდს from space ანუ კოსმოსიდან?
– სხვათა შორის, ბევრი არ მიფიქრია, რა უნდა ყოფილიყო ჩემი გვერდის სახელი. თავიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც მარადიულიდან წამოსული უნდა ყოფილიყო, მარადიულობამ კოსმოსამდე მიმიყვანა და გაჩნდა ეს სახელიც. მიმაჩნია, რომ ადამიანებიც მიკროკოსმოსები ვართ და თითოეული ადამიანი მთელ სამყაროს იტევს, ამიტომ ეს სახელწოდება სიმბოლურია ჩემთვის და ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის გულწრფელობით, კოსმოსის პატარა ნაპერწკალია დედამიწაზე.
– ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე“… „პატარა უფლისწული“… კიდევ ცნობილებიდან რა დახატეთ თექით?
– ჯერჯერობით სხვა არაფერი დამიხატავს. პატარა პრინცის რამდენივე ვარიაცია შეიქმნა და „ვარსკვლავებიანი ღამე“. მაქვს ბევრი განსხვავებული იდეა გონებაში, მაგრამ მგონია, რომ ჯერ იმას ნამუშევრებში ვერ გადმოვიტან. ჩემში იხატება ჯერ.
– ბავშვებს მოსწონთ თქვენი ნამუშევრები… მაინც რომელზეა უფრო მეტად მოთხოვნილება?
– ყველაზე მოთხოვნადი თექის ნახატია „ლამპარბავშვები“. სწორედ ისინი იყიდება ყველაზე ხშირად. მათ შემდეგ მოდის „მფარველი ანგელოზი“ და „პატარა პრინცი“.
ასევე მაქვს ნამუშევრები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ, ექსკლუზიური შეკვეთით შემიქმნია, უნიკალური სიუჟეტებით, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილსა და ისტორიას ეკუთვნის.
– ჰობი…
– ადრე თექა მხოლოდ ჰობი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ჩემს შემოქმედებით საქმიანობად და ერთ-ერთ საყვარელ საქმედ იქცა.
ვხატავ საღებავებითაც. ბავშვობაში ხატვა განსაკუთრებულად მიყვარდა და ეს სიყვარული დღემდე გამომყვა. ამ ეტაპზე ფუნჯით შექმნილ ნახატებს მხოლოდ ჩემთვის ვქმნი. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა, ერთ დღეს ისინიც გავიმეტო გასაყიდად…
– როდის მუშაობთ? თავისუფალი დრო როდის გაქვთ?
– რთული შეკითხვაა. ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, თუმცა სამსახურის გარდა ვსწავლობ მაგისტრატურაში, რაც კიდევ უფრო მიზღუდავს დროს. ხშირად მიწევს თექაზე გვიანობამდე მუშაობა და მერე შუაღამემდე მეცადინეობა, დილით სამსახური და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მომდის შეკვეთა, ბავშვივით მიხარია, ვხვდები, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩემნაირი შინაგანი სამყარო აქვთ და მოსწონთ ჩემი ნამუშევრები…
– გამოფენები…
– გამოფენა ჯერ არ მქონია, სამომავლოდ ვფიქრობ…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმის ერთ-ერთი ნაწილი აუცილებლად იქნება ის, რომ ნამუშევრები გამოფენის ფორმატში წარმოვადგინო. ასევე ვფიქრობ მასტერკლასების ჩატარებაზეც, რადგან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, ხშირად მწერენ და მეკითხებიან ამის შესახებ. კიდევ მაქვს სხვადასხვა გეგმა, მაგრამ მინდა, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად განვითარდეს, ბუნებრივად და სწორ დროს.

თამარ შაიშმელაშვილი