“ინდოეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა; მისი პოლიტიკური გავლენები იზრდება და საჭიროა, რომ საქართველოს მეგობრული კავშირი ჰქონდეს ინდოეთთან” – სამხარაძე

”დღეს შეხვედრა სენატის თავმჯდომარესთან გვქონდა, რომელიც, ამავდროულად, ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტია – საუბარი გვქონდა ქართულ-ინდური ურთიერთობების შემდეგ განვითარებაზე, სენატის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ინდოეთში საქართველოდან ასეთი მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ინდოეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ყველაზე დიდი სახელმწიფოა მოსახლეობის თვალსაზრისით და მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა.

„30-წლიანი ურთიერთობების მანძილზე, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ ოფიციალური ვიზიტით. სენატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დიდ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. მან სამი ძირითადი საკითხი წამოწია, რაც მნიშვნელოვანია მათი გადმოსახედიდან. ეს საკითხებია – თანამშრომლობა ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროში. სამივე საკითხი ჩვენთვისაც პრიორიტეტულია. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე მუშაობას დავიწყებთ საერთო ინტერესების განსახორციელებლად. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა. სენატის პრეზიდენტი საქართველოს მდიდარი ტრადიციების შესახებ კარგად ინფორმირებულია და მან სურვილი გამოთქვა, რომ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. საერთო ჯამში, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ინდოეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ყველაზე დიდი სახელმწიფოა მოსახლეობის თვალსაზრისით – მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა. მისი პოლიტიკური გავლენები იზრდება და საჭიროა, რომ საქართველოს მეგობრული კავშირი ჰქონდეს ინდოეთთან“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები