იაპონიაში დათვი საზოგადოებრივ ტუალეტში მამაკაცს თავს დაესხა
იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, რკინიგზის სადგურზე, საზოგადოებრივ ტუალეტში დათვი მამაკაცს თავს დაესხა, – ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, დაზარალებულმა, 69 წლის დაცვის თანამშრომელმა, პოლიციას განუცხადა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლისას 1-1,5 მეტრიანი დათვი შენიშნა. მამაკაცი ზურგზე დაეცა და ფეხებით მხეცს ებრძოდა, საბოლოოდ კი დათვი გაიქცა. მამაკაცს მარჯვენა ფეხის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის ინციდენტთან დაკავშირებით უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მივიდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, აპრილის დასაწყისიდან იაპონიაში დათვების თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში თავდასხმების რაოდენობამ 197-ს მიაღწია. ორივე მაჩვენებელი იაპონიისთვის რეკორდულია. ინციდენტების უმეტესობა აკიტას ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ასევე იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ივატესა და ფუკუშიმაში მოხდა.
2025 წელს თავდასხმების რაოდენობა, სავარაუდოდ, გასულ წელს დამყარებულ წინა წლიურ რეკორდს, 219 თავდასხმას გადააჭარბებს.
ექსპერტების თქმით, მშიერი დათვები საკვების საძიებლად საცხოვრებელ და სხვა დასახლებულ ტერიტორიებზე დადიან.
მთავრობამ აკიტას პრეფექტურაში თავდაცვის ძალების წევრები გაგზავნა, რათა ადგილობრივ მონადირეებს დათვების დაჭერასა და მოკვლაში დაეხმარონ. ლიცენზირებული მონადირეების დეფიციტის გამო, შეიარაღებულ პოლიციას ცხოველების დახვრეტის ნებართვაც მიეცა.